რეალობა, როგორც ასიმეტრიული მასა



დღევანდელი გადასახედიდან არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა თვითდამკვიდრებისთვის საკმაოდ არაორდინალური გზა აირჩიეს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სენსაციონალისტურ მოცემულობას ეფუძნება. იყო დრო, როდესაც ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი პირველობას არავის უთმობდა და ყვითელი პრესის სამოთხედაც მოიხსენიებოდა. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ბრიტანული პრესის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ვარგას ლიოსას მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სენსაციონალიზმის ვირუსმა ეპიდემიური ხასიათი მიიღო და ისეთი მედია საშუალებებიც მოაქცია თავის კლანჭებში, რომლებიც ოდესღაც გამოირჩეოდნენ ინფორმაციის მკაცრი კონტროლითა და დამოუკიდებლობით.

დროთა განმავლობაში და ალბათ ეს პირველ რიგში განპირობებულია რენტაბელურობით, გაიზარდა ისეთი მედია საშუალბების რიცხვი, რომლებიც საღ აზრს და ანალიტიკურ მასალას ამჯობინებდა სანახაობას. ისევ ვარგას ლიოსას თუ დავესესხები, ყვითელი პრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა – სკანდალები, ჭორი, ვერაგობა და აწ უკვე ტრენდად ქცეული “ყალბი სიახლეები” დღესაც ჩვეულ ფორმაშია და მისი ეფექტი საინფორმაციო ტექნოლოგიების წყალობით გაცილებით მასშტაბური და შემაშფოთებელია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.

თავის დროზე ცნობილმა ჟურნალისტმა კარლ ბერნშტეინმა, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია უოტერგეიტის საქმის გახმაურება ბობ ვუდვარდთან ერთად აღნიშნა, რომ ტრივიალურ და აბსურდულ სენსაციებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციებს. საზოგადოების თანამედროვე მოდელის შექმნაში მასმედიას ლომის წვლილი მიუძღვის. ბერნშტეინის მტკიცებით საზოგადოების დღევანდელი სახე, ისეთი, როგორიც ეს წარმოდგენილია საინფორმაციო საშუალებების სტენდებზე, დაფუძნებულია მეტწილად სიყალბეზე, ანუ ილუზორულ ფაქტებზე. მეტიც, ის მკვეთრად დაშორებულია რეალობას და მთლიანად მოწყვეტილია ცხოვრებისეული კონტექსტიდან.

საწყის ეტაპზე, რატომღაც ყველა იმედოვნებდა, რომ სენსაციონალიზმის ვირუსი ექვემდებარებოდა მკურნალობას და მალევე გაქრებოდა თვალთახედვის საინფორმაციო არედან. მაგრამ ასე არ მოხდა. მაგალითისთვის საკმარისია, 2001 წელს ფოქსის რეპორტიორის ხერალდო რივერას სკანდალური განცხადება ბინ ლადენის შესახებ: “თუ ბინ ლადენს ვნახავ, შეკითხვებს კი არ დავუსვამ, ტყვიას ვესვრი”, რომელსაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. თუმცა ამით არ დამთავრებულა. ფოქსის სხვა რეპორტიორმა, ბრიტ ჰიუმმა არანაკლედ სკანდალური განცხადებით გაითქვა სახელი, რომელიც პრესამ უმალვე აიტაცა და მისადმი მიძღვნილ პუბლიცისტურ პასაჟებში რეპორტიორი მოხსენიებული იყო, როგორც “შოუმენი ომში”. ომის თემაზე არანაკლედ სკანდალური იყო რაშ ლიმბოფის განცხადება კრიტიკოსების მიმართ. ამ უკანასკნელმა, რესპოდენტებს ფაქტიურად იმპერატიული ტონით ამცნო, რომ მის გადაცემაში აშშ მიერ წარმოებული ომის ნეგატიურ კონტექსტში განხილვა დაუშვებელი იყო. ფოქს ნიუსის რეპორტიორებს თუ მასთან ასოცირებულ პირებს მაშინ თითქოს ვირუსის განსაკუთრებული ნაირსახეობა შეეყარა და შედეგმაც არ დააყოვნა. საუბარია ოლივერ ნორთის შემთხვევაზე. (ირან-კონტრას საქმეს თუ გადავახტებით) ეს უკანასკნელი ერაყის ომის დროს ფოქს ნიუსის მიერ სპეციალურ წარგზავნილთა სიაში აღმოჩნდა. მისივე თქმით, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არც პროფესიონალური ხასიათის იყო და არც ობიექტური, მას უბრალოდ ძალიან ხიბლავდა საზღვაო ფლოტთან ყოფნის პერსპექტივა.

და ასე გრძელდება დღემდე. ეს ის ფენომენია ყველა ერის მასობრივ საკომუნაკიციო საშუალებებში რომ უპირობოდ ლიდერობს და მისი ანტიპოდი ჯერ-ჯერობით ჰორიზონტზეც კი არ სჩანს. თითქოს საქმე გვაქვს ბანალურობისა და ინფორმაციული გამოხდომების საერთაშორისო ტურნირთან, რომელსაც სამწუხაროდ არბიტრიც კი არ გააჩნია. მეტიც, ამ რბოლას შეემატა სრულიად ახალი რაკურსით წარმოდგენილი ბებერი და გარყვნილი სისტემა სახელწოდებით “fake news”, რომელზეც დაწვრილებით ჩემს წინა სტატიაში ვისაუბრე.

ერთია, რას ფიქრობენ პროფესიონალები ჟურნალისტიკაზე და მეორე, რას წარმოადგენს თავად ჟურნალისტიკა თანამედროვე რეალობაში. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ფაქტი მახსენდება არცთუ ისე შორეული წარსულიდან. 2003 წლის 20 მარტს, როდესაც ერაყის ოკუპაცია დადგა დღის წესრიგში, ბრიტანული ყვითელი პრესის ღირსეულმა ატაშემ “the Sun”, ფრანგული აუდტორიისთვის პარიზში გასავრცელებლად გამოსცა გაზეთის სპეციალური ნომერი, რომლის პირველი და ბოლო გვერდიც ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა. პირველ გვერდს “ამშვენებდა” ჟაკ შირაკისა და სადამ ჰუსეინის ფოტოები და მკითხველს განსხვავების პოვნას სთავაზობდა, ხოლო ბექ ქავერზე შირაკი მეძავი ქალის ამპლუაში ჰყავდათ წარმოდგენილი, რომლის კლიენტიც გახლდათ სადამ ჰუსეინი. თუმცა, გაცილებით უარესი რეალობა გვაქვს დღეს – აშშ ამჟამინდელი პრეზიდენტი გახდა საყოველთაო ქილიკისა და მასხარაობის საგანი და ხშირ შემთხვევაში ამას ადგილი აქვს სრულიად უსაფუძვლოდ. დარღვეულია ყველანაირი სტანდარტები, მოშლილია ეთიკური სისტემები და ა.შ და მრავალი ა.შ.

ალბათ, თავხედობაში არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ ხშირ შემთხვევაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჟურნალისტიკა ჩანაცვლებულია პუბლიციზმით. პუბლიცისტი კი არის პიროვნება, რომელიც ღიად წერს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე, რასაც არავითარი შეხება არა აქვს არც ინფორმაციასთან, მისი დამუშავების მექანიზმებთან და წყაროებთან, და არც ჟურნალისტიკასთან.

ამ ქაოტური პარადიგმისთვის ყველაზე ბუნებრივი კალაპოტი ალბათ მაინც აუდიო-ვიზუალური საინფორმაციო საშუალებებია. ნეილ პოსტამანმა თავის ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომში “Amusing Ourselves to Death” ბრწყინვალედ აღწერა, თუ როგორ სპობს აუდიო-ვიზალური კომუნიკაცია სააზროვნო სივრცეს და გზას უხსნის ზედაპირულ მსჯელობას. თუ არსებული მედიატიკური ფილოსოფიის ფურცლებზე სტრიქონებს შორის კითხვას ვისწავლით აღმოვაჩენთ, რომ ინფორმაციის მიმღები სუბიექტი რიგითი უპერსპექტივო ბრიყვია, რომელსაც კომპლექსური მასალის გადამუშავების უნარი არ შესწევს, თუნდაც ამ უკანასკნელზე მისი მომავალი იყოს დამოკიდებული. და ამ მიდგომას მავანნი იმ გარემოებით ამართლებენ, რომ ნანო ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანები მეტ ყურადღებას ტაროს კარტს უფრო უთმობენ, ვიდრე მეცნიერებას.

ძალიან საინტერესო მოსაზრებები აქვს გამოთქმული აღნიშნულთან დაკავშირებით Pierre Bourdieu თავის ნაშრომში “La censure invisible” (უხილავი ცენზურა), მაგრამ ყველაზე მეტად მაინც უმბერტო ეკოს ერთი ცნობილი ფრაზა მომწონს, რომლითაც სტატიის პირველ ნაწილს დავასრულებ კიდეც: “la televisión crea impotentes” (ტელევიზია ქმნის იმპოტენტებს).